ხს. 14 იანვარს და 19 აპრილს
წმინდა ნინო წარჩინებული და კეთილმსახური მშობლების ერთადერთი ასული იყო. მამამისი, ზაბულონი, წმინდა გიორგის თანამედროვე და თანამოქალაქე, სახელოვანი მხედართმთავარი იყო, დედა – სოსანა კი იერუსალიმის პატრიარქის – იუბენალის და. წმინდა ნინო ადრეული ასაკიდან გამოირჩეოდა ღვთისადმი სიყვარულით და მისთვის ყველაზე დიდი სიამოვნება იყო უფალ იესო ქრისტეს ცხოვრების მოსმენა.
12 წლის ნინო მშობლებთან ერთად წმინდა ქალაქ იერუსალიმში ჩავიდა, სადაც უფალმა იესო ქრისტემ ჩვენი ცხონებისათვის ჯვარზე ვნება და სიკვდილი დაითმინა. ნინოს აქ ყოველი კუნჭული სახარებისეულ ამბებს აგონებდა. ისე მოხდა, რომ მამამისი ღვთისადმი დიდი სიყვარულის გამო უდაბნოში წავიდა და ბერად შედგა, დედა კი პატრიარქმა გლახაკი და ავადმყოფი ქალების მომვლელად დაადგინა. ნინო ერთ ღვთისმოშიშ და სარწმუნოებაში განსწავლულ ქალს მიაბარეს, რომელიც მაცხოვრის აღდგომის ტაძარს ემსახურებოდა. მასთან ერთად მსახურობდა წმინდა ნინო. აღმზრდელს ბავშვი ღვიძლი შვილივით უყვარდა და სარწმუნოებისა და კეთილმსახურების წესებით ზრდიდა, იესო ქრისტეს ცხოვრების შესახებ უყვებოდა. წმინდა ნინო მაცხოვრის კვართის ადგილსამყოფელით დაინტერესდა.
აღმზრდელმა ნინოს უამბო, რომ კვართი მცხეთელ ებრაელებს ხვდათ წილად და ინახება ჩრდილოეთის ქვეყანაში, რომელიც სპარსეთსა და ოსეთს შორის მდებარეობს. გარდა ამისა, დამრიგებელმა ნინოს უთხრა, რომ ამ ქვეყნის მცხოვრებლები, ისევე როგორც კავკასიის დანარჩენი ტომები, წარმართობის სიბნელეში ცხოვრობენ. ნინოს ეს მონათხრობი გულში ღრმად ჩარჩა.
წმინდა ნინო დღედაღამ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის წინაშე ლოცულობდა. ერთ დღეს, ლოცვისას, იგი აღტაცებულ იქნა გონებით და ყოვლადწმიდა ქალწული იხილა, რომელმაც უთხრა: – ნინო, საქადაგებლად გაგზავნი ჩრდილოეთის ქვეყანაში, ჩემს წილხვედრ საქართველოში. წადი უშიშრად და უქადაგე ჭეშმარიტება!
– მე, უცხო და უსწავლელი ქალწული, როგორ შევძლებ ასეთი დიდი საქმის შესრულებას? – ჰკითხა ნინომ.
მაშინ ყოვლადწმიდა დედოფალმა ნინოს ვაზის ჯვარი მიაწოდა და უთხრა:
– აიღე ეს ჯვარი! ამით სძლევ ეშმაკის ყველა მზაკვრობას და შენი ქადაგება წარმატებული იქნება. მე ვიქნები შენი შემწე, არ მიგატოვებ.
ხილვა რომ დასრულდა, ნინომ ხელში სასწაულებრივი ჯვარი იხილა და სიხარულის ცრემლებით ეამბორა. ის მაშინვე პატრიარქთან, თავის ბიძასთან წავიდა და სასწაულებრივი ხილვის შესახებ უამბო. პატრიარქმა ნინოს ხილვის შესახებ რომ მოისმინა, გაკვირვებული ღმერთსა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს მადლობდა.
No comments:
Post a Comment