mgeli


 
მგელი  ჭკვიანი, საზრიანი და ადვილად შემგუებელი ცხოველია; მტაცებელთა რიგის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ძუძუმწოვარი, ძაღლისებრთა ოჯახისა. ბინადრობდა თითქმის მთელ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, როგორც ტყეში, ასევე მინდვრებში, ნახევრად უდაბნოებში და ყინულოვან არქტიკულ ტუნდრებშიც.
მგელი დღეს საქართველოს სოფლებისთვის სერიოზული პრობლემად იქცა. მრავალი ფაქტი დაფიქსირდა მოსახლეობაზე მგლების თავდასხმისა.
 რამ გამოიწვია მტაცებელთა ასეთი სასტიკი თავდასხმა მოსახლეობაზე. აღნიშნულ უწყებაში ჯერჯერობით ამ კითხვას ვერ უპასუხეს და მგლების გააქტიურების მხოლოდ ზოგად მიზეზებზე საუბრობენ. ამბობენ, რომ ტყეში ჩლიქოსნების შემცირებამ მტაცებელს დასახლებულ პუნქტებზე თავდასხმისკენ უბიძგა. ტყეში ჩლიქოსნების შემცირების უმთავრეს მიზეზად ბრაკონიერობას ასახელებენ. ბიოლოგების ერთი ნაწილი კი დღემდე კატეგორიულად ამტკიცებს, რომ ამის მიზეზი ისევ მგლები, მათ შორის, საგანგებოდ მოშენებული წითელი მგლები არიან. ბიოლოგების – ტარიელ კაპანაძისა და ალექსი არაბულის თქმით, რამდენიმე წლის წინ საქართველოში ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ «ნაკრესმა» უცხოური გრანტების მეშვეობით შემოიყვანა და გაამრავლა წითელი მგელი, რომელიც თურმე დაბალი ფეხებისა და მოქნილი სახსრების წყალობით ჯიხვსა და ნიამორს დასდევს კლდეებში. საინტერესოა, როგორ უნდა დაიცვას ხალხმა თავი გაავებული მტაცებლისგან, რომლის მოკვლაზეც სახელმწიფოსგან ჯარიმაა დაწესებული.
  ჩვენ შევეცდებით მოგაწოდოთ ინფორმაცია საქართველოში გავრცელებული რუხი მგლის და წითელი მგლის შესახებ:
  წითელი მგელი
  წითელი მგელი ძაღლისებრთა ოჯახის ერთ-ერთი საინტერესო, საკმაოდ მსხვილი წარმომადგენელია. მისი სხეულის სიგრძე 76-100 სმ-ია, კუდის - 28-48 სმ, წონა - 14-21 კგ. გარეგნულად ერთდროულად ჰგავს მგელსაც, ტურასაც და მელასაც. შემოსილია ხშირი გრძელი ბეწვით. კუდი ძალიან გრძელი აქვს და ფაფუკი, მაგრამ მელასგან განსხვავებით მისი ბოლო თითქმის შავია. თავი საკმაოდ განიერი აქვს, შედარებით მოკლე და წაწვეტებული დრუნჩით, დიდი დაცქვეტილი ყურებით. ზაფხულში სხვადასხვა ტონალობის მეწამულისფერ-ჟღალია, ზამთარში - რუხი-ჟღალი.
მიუხედავად სახელწოდებისა, ეს ცხოველი ჩვენებური რუხი მგლის საკმაოდ შორეული თანამოძმეა. სხვათაშორის, არცთუ შორეულ წარსულში წითელი მგლის არსებობას ადასტურებდნენ ჩრდილოეთ ამერიკაშიც, მაგრამ საბოლოოდ დადგინდა, რომ ამერიკული „წითელი მგელი” რუხი მგლისა და კოიოტის ჰიბრიდია.
წითელი მგლის გავრცელების ძირითადი არეალია: ცენტრალური და სამხრეთ აზია, ინდოჩინეთი, მალაკის ნახევარკუნძული, კუნძულები სუმატრა და იავა. შედარებით ნაკლებია შორეულ აღმოსავლეთში, დასავლეთ საიანებსა და შუა აზიაში. ალექსი არაბულის ცნობით, ეს აბეზარი მტაცებელი გარემოს დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციით (მათი სამეცნიერო ცენტრი ჩვენთანაც არსებობს), საქართველოშიც შემოიყვანეს. იგი ნახეს ლაგოდეხისა და ლიახვის ნაკრძალში. ერთი მათგანი მოინადირეს კიდეც და აღწერეს.
  წითელი მგელი თითქმის ყველგან მაღალმთიანეთში ბინადრობს და ხშირად ალპურ ზონამდე ადის. იგი ტიპური მტაცებელია. თავს ესხმის ტყის ნებისმიერ ბინადარს, მაგრამ მისი ძირითადი საკვები გარეული ჩლიქოსნებია. ჩვენთან - ირემი, არჩვი და ჯიხვი. არეალის სამხრეთ ნაწილში უშიშრად შედის დასახლებულ პუნქტებში და შინაურ საქონელსაც აზიანებს. ცნობილია, რომ წითელი მგლები უპირატესად დღისით, სხვადასხვა მეთოდით ნადირობენ. წვრილ მღრნელებზე და კურდღლებზე - ცალკეულად, ხოლო მსხვილ ცხოველს ხროვად ესხმიან თავს. ხროვა, რომელშიც ყველაზე ხშირად 15-20 ცხოველია, ორგანიზებულად, შეთანხმებულად მოქმედებს და კამეჩსაც კი იმორჩილებს.
დაუნდობელი მტაცებლები მხსვერპლს ყნოსვით ეძებენ და პოულობენ. თუ ადვილად ვერ ჩაიგდეს ხელში, მაშინ იწყება ხანგრძლივი დევნა, რომლის დროს დამახასიათებლად წკმუტუნებენ.
  ისინი ტურასთან და მელასთან შედარებით ნელა დარბიან, მაგრამ განსაკუთრებულად ამტანები არიან და მსხვერპლს მანამდე სდევენ, სანამ მას ძალა არ გამოეცლება. როცა მსხვილ ცხოველს დაეწევიან და ალყაში მოაქცევენ, მგლები სხვადასხვა მხრიდან, მორიგეობით ჩაურბენენ ხოლმე, კბილს გაჰკრავენ და ჭრილობებს აყენებენ. ცნობილია ისეთი შემთხვევებიც, როცა მგლები მოხერხებულად იყენებენ რელიეფის თავისებურებას - თავიანთ მსხვერპლს გზებს უჭრიან და აიძულებენ იმ მიმართულებით გაიქცეს, სადაც ფრიალო ხრამებია და განწირული ცხოველი კლდიდან იჩეხება. წითელი მგლები იშვიათად დათვსაც კი ესხმიან თავს.

No comments:

Post a Comment